თავი 1 საქართველოს კონსტიტუციური სამართლის მეცნიერებისარსი და ცოდნის სისტემა |
საქართველოს კონსტიტუციური სამართალი, როგორც მეცნიერება, დგას საზოგადოებრივ მეცნიერებათა რიგში და შეისწავლის იმ საზოგადოებრივ ურთიერთობებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციურ წყობას, ადამიანისა და მოქალაქის სამართლებრივ მდგომარეობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანიზაციას, თვითმმართველობის განხორციელებას, სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული მოწყობისა და სახელმწიფო ორგანოთა სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრას.
საქართველოს კონსტიტუციური სამართლის, როგორც მეცნიერების როლი არ ამოიწურება მარტოოდენ საზოგადოებრივი ურთიერთობის ბუნების გარკვევით. დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი მშენებლობის დღევანდელ ეტაპზე მისი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა დაბეჯითებით და ნათლად აჩვენოს და დაამტკიცოს იმ საზოგადოებრივ ურთიერთობათა აუცილებლობა, რომელიც უნდა შეიქმნას და საფუძვლად დაედოს საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუციური ორგანიზაციის მოდელს.
დღეს, როცა კონსტიტუციური სამართლის მეცნიერება გათავისუფლდა პარტიულ-იდეოლოგიური მარწუხებისაგან, ბუნებრივად გაიზარდა მისი, როგორც მეგზურის, მნიშვნელობა როგორც კონსტიტუციური, ისე სამართლის სხვა დარგების პრაქტიკული მოქმედებისათვის. ყოველივე ამის ფონზე, ნათლად გამოიკვეთა კონსტიტუციური სამართლის მეცნიერების როლი, რომლითაც იგი განსაზღვრავს ქვეყანაში მიმდინარე სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი რეფორმების მთელ პათოსს.
იგი, როგორც მეცნიერება, საზოგადოებრივი ცხოვრების ურთულეს სოციალურ სპექტრში არკვევს და აანალიზებს იმ მოვლენებს, რომლებიც კონსტიტუციური სამართლის რეგულირების სფეროში გვხვდება და მოითხოვს სოციალური მართვის ისეთი ფორმებისა და მეთოდების მორგებას, რითაც თავიდან აგვაცილებდა სოციალურ კონფლიქტებს, მოემსახურებოდა სახელმწიფოსა და საზოგადოების შენახვისა და შენარჩუნების ფუნქციას, უზრუნველყოფდა თავისუფლების, თანასწორობისა და წესრიგის ისეთ თანაფარდობას, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დემოკრატიული კონსტიტუციური მმართველობის შენარჩუნება. ასეთ პირობებში საქართველოს კონსტიტუციური სამართლის მეცნიერება მოწოდებულია, ერთი მხრივ, ახსნას კონსტიტუციური მმართველობა, ხოლო, მეორე მხრივ, უჩვენოს და დაასაბუთოს ის პრინციპები, რომლებიც გამორიცხავენ ხელისუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას. ყოველივე ზემოაღნიშნულის განზოგადების საფუძველზე.
საქართველოს კონსტიტუციური სამართლის მეცნიერება სწავლობს სახელმწიფო სახელისუფლებო სტრუქტურებს, იმ სამართლებრივ ნორმებსა და ნორმათა მოდელებს, რომლებიც შემდეგში დაინერგება სახელმწიფოსა და საზოგადოების კონსტიტუციურ განვითარებაში და არეგულირებს შესაბამის კონსტიტუციურ-სამართლებრივ ურთიერთობებს.
აღნიშნული ამოცანების შესრულებას კონსტიტუციური სამართლის მეცნიერება ახორციელებს სხვა პოლიტიკურ და სამართლებრივ მეცნიერებებთან მჭიდრო კავშირში. ამ მეცნიერებათა მიერ მიღწეული ცოდნის სისტემის გამოყენებით, კონსტიტუციური სამართალი განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს ან როგორი შეიძლება იყოს საქართველოს სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესწყობილებისა და პოლიტიკის საფუძვლები.
საქართველოს კონსტიტუციური სამართლის მეცნიერება სწავლობს კონსტიტუციურ სამართალს როგორც დარგს, შეისწავლის დარგის შემადგენელ ნორმებს, ინსტიტუტებსა და წყაროებს, მათი წარმოშობისა და განვითარების დინამიკას. ყოველივე ამისათვის კონსტიტუციური სამართლის მეცნიერება გამოიყენებს სხვადასხვა მეთოდებს: ფორმალურ-იურიდიულ ანალიზს, შედარებით-სამართლებრივ, სტატისტიკურ, კონკრეტულსოციოლოგიურ, სისტემურ ანალიზს და ა.შ.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, შესაძლებელია განვსაზღვროთ ცოდნის სისტემა და ამ სისტემის შემადგენელი ელემენტები, რომლებსაც მოიცავს საქართველოს კონსტიტუციური სამართალი. ეს ელემენტებია, სწავლება:
1. კონსტიტუციური სამართლის, როგორც სამართლის წამყვანი დარგის შესახებ;
2. საქართველოს კონსტიტუციის არსის შესახებ;
3. საქართველოს საზოგადოების წესწყობილებისა და პოლიტიკის საფუძვლების შესახებ;
4. ადამიანისა და მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ;
5. სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული და ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ;
6. ხელისუფლების ორგანიზაციის შესახებ;
7. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ.
ზემოთქმული შესაძლებლობას ქმნის განვსაზღვროთ საქართველოს კონსტიტუციური სამართლის მეცნიერება, როგორც ცოდნის ერთიანი სისტემა საზოგადოებრივი ურთიერთობების კონსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულირების, მათი სოციალური დანიშნულების, კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმებისა და ინსტიტუტების საერთო კანონზომიერებებისა და რეალიზაციის პრაქტიკის შესახებ.